English / ქართული / русский /
რუსუდან კვარაცხელიალევან კიკილაშვილი
მთის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები პოსტ პანდემიის ფაზაში

მოკლე ანოტაცია

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვლავ შეზღუდულია ტურისტული აქტივობა. ამ ეტაპზე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მთის ტურიზმის პოპულარიზაციაზე, რათა გააცნოს მსოფლიოს ტურისტულ ბაზარს საქართველოს მთების პოტენციალი, მოიზიდოს მეტი ტურისტი, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ორგანიზმის ძალების აღდგენისა და თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობის მიზნით. საქართველოს მთის კლიმატი და პირობები განსაკუთრებით სასარგებლოა კოვიდგადატანილი ორგანიზმის რეაბილიტაციისათვის, ასევე, კოვიდთან გასამკლავებლად ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. მთის კლიმატი ხასიათდება დაქვეითებული ატმოსფერული წნევით, ჰაერის ტემპერატურისა და აბსოლუტური ტენიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლებით, სუფთა ჰაერით, ულტრაიისფერი სხივებისა და მსუბუქი უარყოფითი აეროიონების მაღალი კონცენტრაციით. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით, გამოიყენება დაბალი და საშუალო მთის კლიმატი, ზღვის დონიდან 400-2000 მეტრ სიმაღლეზე. კლიმატოთერაპია ნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების დროს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სუნთქვის სისტემის დაავადებები, რაც ძალიან ხშირად თან სდევს კოვიდ-19-ს. გარდა კლიმატოთერაპიისა, საქართველოს მთებში შესაძლებელია უამრავი სხვა სახის სამკურნალო ტურების მოწყობა, როგორიცაა: პელოიდური (ტალახით მკურნალობა), სპელეოთერაპია (მღვიმეების სპელეოაეროზოლით), აპითერაპია (ფუტკრის პროდუქტებით), იპოთერაპია (ცხენით თერაპია), ენოთერაპია (ღვინის აბაზანები), ფიტოთერაპია (მთის მცენარეებით), ბალნეოთერაპია (მინერალური წყლებით) და ა.შ. გარდა სამკურნალო ტურიზმისა, საქართველოს მთები მიმზიდველია მეკლდეურობით ერთ-ერთი ასეთია (ჭიათურა), ტრადიციული ხელსაქმეებით, გასტრონომიით, ეთნოგრაფიული, კულტურული, ისტორიული სიმდიდრეებით, ბუნებრივი ლანდშაფტის მრავლაფეროვნებით, ენდემური სახეობის ფლორითა და ფაუნით, ველური, სასარგებლო ხილითა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბოსტნეულით. განსაკუთრებით მიმზიდველია სამთო-საფეხმავლო ტურები მთებში, მაგალითად „ვერცხლის ტბაზე“, მისკენ მიმავალი გზა უნიკალურია, არათუ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ვინაიდან აქ ერთდროულად ხვდება ტურისტს მღვიმეები, მინერალური წყლები, ხავსიანი მასივები, ალპური ტბები და ჩანჩქერები, იგრძნობა ველური ბუნების სილამაზე. ამასთან, მთის ტურიზმი ახანგრძლივებს ტურისტის ადგილზე დაყოვნების დროს, მით უფრო თუ ის დაკავდება აგროტურისტული აქტივობებით, ხელსაქმეების, გასტრონომიის, ფოლკლორის შესწავლით. მთის თვალწარმტაცი ხედები, ღრუბლებთან სიახლოვე და კავკასიონის შთამბეჭდავი პეიზაჟები, ადგილობრივი ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა და სხვა ბევრი ფაქტორი უნიკალურს ხდის ქართული მთის ტურიზმის შესაძლებლობებს. პოსტპანდემიურ პერიოდში მთის, გამაჯანსაღებელ ტურებზე მოთხოვნა გაიზრდება, მანამ სანამ აქტიურად  მოხდება საქართველოს მთების პოტენციალის პოპულარიზაცია, სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ვირტუალური ტურების გამოყენებით. ვირტუალური ტურიზმი განსაკუთრებით ამძაფრებს შთამბეჭდავი ადგილების საკუთარი თვალით ნახვის სურვილს, ონლაინ მასტერკლასები - საკუთარი ხელით კეთების სურვილს, რითაც სტიმულირდება რეალური ვიზიტი. 

საკვანძო სიტყვები: მთის ტურიზმი, ვირტულაური ტურიზმი, ეკო-აგრო- სათავგადასავლო, სამკურნალო ტურიზმის მიქსი.